შესვლა მშობლებისათვის

close
ბავშვის აღზრდასკოლის მოსწავლეები
შეუძლია თუ არა სკოლას ბავშვი უფრო ჭკვიანი გახადოს
10.09.09


diskusia.jpgყოველ ჩვენთაგანს აქვს იმის იმედი, რომ სკოლა ბავშვს დაეხმარება გახდეს უფრო განათლებული, უფრო ჭკვიანი. რამდენად გამართლებულია ეს იმედები და რა სახის სამუშაოს ასრულებს თანამედროვე სკოლა ამ მხრივ? ნებისმიერი სკოლის მიზანია –განავითაროს ბავშვის უნარები და განსაკუთრებულ ყურადღებას ამ დროს ინტელექტუალურ განვითარებას უთმობს. 
უპირველეს ყოვლისა, ტრადიციული, მასობრივი სკოლა, სადაც ჩვენი შვილების უმრავლესობა სწავლობს, იმგვარადაა მოწყობილი, რომ პირველ რიგში ავითარებს გონების შემსრულებლ ფუნქციას-იმ უნარს, რომელიც გვეხმარება წესის თუ ინსტრუქციის შესრულებში. 
        ნაკლები ყურადღება ექცევა იმ შემოქმედებითი უნარის განვითარებას, რომელიც გვეხმარება წესები არასტანდარტულ სიტუაციაში მოვიხმაროთ. სოციალურ და ემოციონალურ ინტელექტს-ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭს, საკუთარი ემოციების დაუფლებას და სხვათა გრძნობების გაგებას კი საერთოდ არანაირი ყურადღება არ ეთმობა სკოლაში. ბავშვის გონების ამ ასპექტებს სკოლა ვერ ამჩნევს. 
        რას იღებენ სკოლაში მოსწავლეები კონკრტული ცოდნის გარდა?
        ტრადიციული სკოლა, თუ ის თავის ყველა პედაგოგიურ რეზერვს იყენებს, შესანიშნავად ართმევს თავს მოსწავლეების შემსრულებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სკოლადამთავრებულთა უმეტესობა ფლობს შინაგან დისციპლინას: თუ მათ წინაშე დგას მიზანი, არსებობს ამოხსნის ალგორითმი, მათ შეუძლიათ დასახონ გეგმა, თანმიმდევრულად შეასრულონ ყველა დასახული მოქმედება, შეამოწმონ მიღებული შედეგი. ძალიან იშვიათად ისახავენ ისინი ახალ მიზნებს დამოუკიდებლად  და თუ ინსტრუქცია არ არის მოცემული,  ჩერდებიან და მითითებებს ელოდებიან.  
        ბავშვები სკოლაში ცოდნას მზა სახით იღებენ. ბავშვის გონება არ მუშაობს იმაზე, რომ მოიპოვოს ეს ცოდნა. წარმოსახვა, ინიციატივა, ახლის გაგების სურვილი, არასტანდარტული აზროვნება სკოლაში ყურადღების მიღმა რჩება. 
საქმე მასწავლებლებში არაა-სკოლაში ბევრი ჭკვიანი, კეთილი, ლიბერალური მასწავლებელია, ვისაც ბავშვებისადმი საყვარული ამოძრავებს. მიზეზი სწავლების ტრადიციულ სტილშია: ის არა თუ არ ავითარებს მოსწავლეების გონებას (ამ სიტყვის ფართო გაგებით), არამედ ამცირებს მათ ინტელექტუალურ პოტენციალს, რადგან არ ქმნის პირობებს იმისათვის, რომ ბავშვებმა სწავლების პროცესში ინიციატივა გამოიჩინონ, ჰქონდეთ საკუთარი აზრი, კრიტიკულად მიიღონ მიწოდებული ინფორმაცია. ამ დროს სწორედ ინიციატივა, დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება- სწორედ ეს პიროვნული თვისებებია მოყვანილი დღესდღეობით ვაკანსიების მოთხოვნებში.
        “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა გაიგონ, რომ ჭკუა- ცვალებადი ფენომენია, - ამტკიცებს სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, სოციალური ფსიქოლოგი ქეროლ დვეკი. - მაშინ ჭკვიანური ქმედებები მათ მიერ აღიქმება როგორც საკუთარი ძალისხმევის, სწორი სტრატეგიის და მიღებული ცოდნის შედეგი. ამ შემთხვევაში მათ უჩნდებთ მტკიცე რწმენა იმისა, რომ ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. 
        ხოლო იმ დროს, როდესაც ჭკუა ბავშვის ცნობიერებაში უცვლელი სიდიდის სახითაა წარმოდგენილი (რამდენი ჭკუაც დაბადებიდან მოგვეცა, იმდენი გვექნება სიცოცხლის ბოლომდე), ის ვერ ხედავს აზრს იმაში, რომ გაამდიდროს თავისი ცოდნა და დახვეწოს თავისი შესაძლებლობები, რათა გახდეს კიდევ უფრო ჭკვიანი, ასეთი ადამიანი არ ვითარდება.” 
        საბედნიეროდ, ინოვაციურ სკოლებში სწავლება სხვაგვარად მიმდინარეობს. ამგვარი სკოლების ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ისინი ბავშვს აზროვნებას და ანალიზს აჩვევენ. ამ განსხვავების უკეთ გასაგებად მოვიყვანთ ორი გაკვეთილის მაგალითს: ტრადიციულ სკოლაში მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს წაიკითხონ და ისწავლონ სახელმძღვანელოს ამა თუ იმ გვერდზე დაწერილი მასალა და მომდევნო გაკვეთილზე ახდენს მიცემული მასალის გამოკითხვას. 
        ინოვაციურ სკოლაში მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს შეისწავლონ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული მასალები (სხვადასხვა ლიტერატურული წყაროს მითითებით) და შემდეგ ამ თემის ირგვლივ გამართავს მრგვალ მაგიდას, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა, მისი დასაბუთება და სხვათა მოსმენა. იმ დროს, როცა ბავშვი სწავლობს ინფორმაციის ანალიზს, ის არა მარტო იმახსოვრებს ფაქტებს, მისი გონება იწვრთნება და ის მართლაც უფრო ჭკვიანი ხდება.