როგორ უნდა აღიზარდონ და განვითარდნენ სხვისი შვილები, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ საკუთარ შვილებთან, რა ხერხებსა და მეთოდებს უნდა მივმართოთ მათი აღზრდის პროცესში, ყველასთვის როდია ცნობილი. და სანამ მეცნიერები, პედაგოგები, ბავშვთა ფსიქოლოგები თავს იმტვრევენ იმაზე, თუ რომელია ბავშვის აღზრდა-განვითარების საუკეთესო სისტემა, დედებს ისღა დარჩენიათ, რომ დაეყრდნონ საკუთარ ინტუიციას და თვითონ გაიკვალონ გზა პატარების განვითარების თანამედროვე მეთოდებისა და საშუალებების ლაბირინთებში. აქსელერაცია, რომლის მიმართაც ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარკვეული სკეპტიციზმით ვიყავით განწყობილი, აღმოჩნდა სავსებით რეალური. უდაოა ის ფაქტი, რომ ჩვენი შვილები გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ჩვენ მათ ასაკში.
რა თამაშობს ამ დროს მთავარ როლს: კომპიუტერი, ტელევიზორი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მათ გარს ახვევია, თუ საქმე ჰომო საპიენს-ის ევოლუციურ განვითარებაშია?! ალბათ, ერთმნიშვნელოვნად ამ კითხვაზე პასუხს სპეციალისტებიც ვერ მოგვცემენ, მაგრამ პატარა ვუნდერკინდების რიცხვი აშკარად სულ უფრო და უფრო იზრდება.
ადრეული განვითარება – დღეს მასზე ბევრი იწერება. მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება იწყება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში და სამ წლამდე მის ტვინში უკვე ჩამოყალიბებულია 100 ტრილიონი სინაპსი – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ტვინში. სწორედ ამიტომ დაბადებიდან პატარებზე საჭიროა არა მხოლოდ ზრუნვა და მათი გემრიელი და ჯანმრთელი საკვებით კვება, არამედ მათი თანდაყოლილი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაც.
ამგვარ მიდგომას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. იბადება საინტერესო შეკითხვა: ადრეულია ეს განვითარება თუ ნაადრევი? აქ თანამედროვე პედაგოგიკა იყოფა ორ მოწინააღმდეგე ბანაკად. პედაგოგი-ნოვატორები თვლიან, რომ სწორედ ამ უნიკალურ პერიოდშია საჭირო ინტელექტის განმავითარებელი ნიადაგის მომზადება, იმ ცოდნის და უნარ-ჩვევების გადაცემა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია.
პედაგოგი-კონსერვატორები კი შიშობენ: ღირს კი, ბავშვს წავართვათ ბავშვობა, ხომ არ მიგვიყვანს ძალისმიერი და ნაადრევი სწავლება ნევროზებამდე, ხომ არ მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს, ხომ არ დაკარგავს ის სწავლისადმი ინტერსს, ხომ არ იგრძნობს თავს გარიყულად ნაკლებად მომზადებულ თანაკლასელთა შორის?
ვის მხარეზეა სიმართლე? ჭეშმარიტება კი შემდეგშია:
ბავშვის ტვინი შესანიშნავადაა დაცული გადატვირთვისაგან და როგორც კი თქვენ მიაწოდებთ მას ისეთ მასალას, რომლისთვისაც ის ჯერ მზად არ არის, ის შეგეწინააღმდეგებათ და უარს გეტყვით მეცადინეობაზე. ჩვენ ხომ ვერ დავაძალებთ ცოცვას ან სიარულს ბავშვს, რომლის ტვინი და მამოძრავებელი სისტემა ჯერ კიდევ არ არის ამისათვის მომწიფებული! ვიდრე ბავშვი იქნება მზად ინფორმაციის აქტიური ათვისებისათვის, უნდა გაიაროს მისი აღქმის პასიურმა პერიოდმა. ასე, მაგალითად, ბავშვის მიერ მშობლიური ენის შესწავლას წინ უძღვის ხანგრძლივი მოსამზდებელი პერიოდი. ეს ეტაპი იწყება ჯერ კიდევ დაბადებამდე, როდესაც ბავშვს უვითარდება სმენის ორგანოები და გრძელდება პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ დროს ყალიბდება ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხობს მეტყველების გაგებასა და აღწარმოებაზე.
ვიდრე ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარება არ მიაღწევს ჯეროვან დონეს, ჩვენ მას ვერ დავაძალებთ ამა თუ იმ საქმიანობის შესრულებას. მხოლოდ ხანმოკლე და სასიამოვნო, სახალისო და ძალდაუტანებელი თამაშებით არის შესაძლებელი ბავშვის დაინტერესება. რაც მთავარია, თამაში უნდა წამოიწყოთ მაშინ, როცა ხართ კარგ განწყობაზე და დაამთავროთ იმაზე ადრე, ვიდრე ბავშვს მოსწყინდება.
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ მტკიცედ გვჯერა იმისა, რომ ბავშვებს გააჩნიათ ფარული პოტენციალი, რომელიც ადვილად იპოვის თავის გზას მხიარული თამაშების და მასტიმულირებელი ვარჯიშების საშუალებით.
ბავშვის ტვინი, თითქოსდა შეუჩერებლად მუშაობს, ამუშავებს ინფორმაციას და აყალიბებს ნერვულ შენაერთებს, რომლებიც შემდგომში ჩაუყრის საფუძველს მის ემოციურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ბავშვის ინტელექტი – სათუთი და ძვირფასი ძღვენია და მშობლების მისია იმაშია, რომ შეინარჩუნონ და განავითარონ იგი.