შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ორი წლის ბავშვი, რომელიც სწავლობს უმოძრაოდ მერხთან მიმჯდარი? რა თქმა უნდა, არა. ბავშვი სამყაროს პრაქტიკულად შეიცნობს: გემოს გასინჯვით, ხელის წავლებით, ყნოსვით, ციბრუტივით ტრიალით, კითხვების დასმითა და ექსპერიმენტების ჩატარებით. ამასთან, მისი შემეცნების სიჩქარე ჭეშმარიტად ფენომენალურია.
სამწუხაროდ, მას მერე, რაც პატარები ტოვებენ საბავშვო ბაღს, ძალიან ხშირად სწავლება მათთვის მოსაწყენი ხდება, რადგან ბევრ სკოლაში ბავშვებს მერხთან წყნარად ჯდომასა და მასწავლებლის მოსმენას აიძულებენ; იმის მაგივრად, რომ იმსჯელონ, კითხვები დასვან, გამოიკვლიონ და აქტიურად ჩაებან ამა თუ იმ საგნის შესწავლის პროცესში.
იმისათვის, რომ რამე სწრაფად და კარგად შევისწავლოთ, საჭიროა ეს ”რამე” დავინახოთ, გავიგონოთ და შევიგრძნოთ.
კარგი მასწავლებლები ხვდებიან, რომ არსებული მეთოდი არ წარმოადგენს საუკეთესო გზას შემეცნებისკენ და ცდილობენ საკლასო ოთახები ისე გაახალისონ, რომ შეამსუბუქონ და გაამრავალფეროვნონ სწავლების პროცესი. ზოგი იყენებს ცოცხალ ყვავილებს-სუნისა და ფერის გამო, ზოგი კედლებზე ჰკიდებს ფერად ბუშტებს გაკვეთილისთვის საზეიმო ელფერის მისაცემად, ზოგი პლაკატებს აკრავს, სადაც ილუსტრირებულია კურსის ყველაზე მთავარი იდეები.
დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მეტი მასწავლებელი იყენებს მუსიკას, იმისათვის, რომ სწავლებისთვის საჭირო განწყობა შექმნას.
მოწინავე ევროპელი მასწავლებლების აზრით, მუსიკის გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მოსწავლეთა გუნებგანწყობაზე და სწავლების პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა.
რატომ უწყობს ხელს მუსიკა სწავლას?
1. მუსიკა ასვენებს ტვინს და ხსნის სტრესს;
2. მუსიკა მოქმედებს უშუალოდ სხეულზე და რელაქსაციაში მოჰყავს ის;
3. მუსიკა იძლევა სტიმულს და აფხიზლებს მოწყენილ მოწაფეებს;
4. მუსიკაში არის მათემატიკური საწყისი, ის ასტიმულირებს ტვინის განსაკუთრებული ელექტრონული ბმულების მუშაობას;
5. მუსიკა აღვიძებს ემოციებს, ეს ნაბიჯია სწავლებისაკენ;
6. მუსიკა ცვლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და სწავლების ტემპის ცვლილების საშუალებას იძლევა;
7. მუსიკა - უნივერსალური ენაა, ის გვეხმარება დავძლიოთ ყველა კულტურული ბარიერი;
8. მუსიკა - მძლავრი ღუზაა, ამიტომ სწორედ ის ”მიაყენებს” მეხსიერებას შესასწავლი საგნის ”ნაპირს”.
რა თქმა უნდა, სწავლების დროს მუსიკის გამოყენება არ არის სიახლე. ცნობილია, მაგალითად, ინგლისური ანბანის შესწავლა მუსიკის ქვეშ-ABჩD-EFG-HIჟK-LMNOP. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე კიდევ უფრო გაფართოვდა ჩვენი წარმოდგენები ადამიანზე მუსიკის ზემოქმედების შესახებ. დადგინდა, რომ რელაქსაციის გარკვეულ მდგომარეობაში, რომელსაც მუსიკა იწვევს, ჩვენი ტვინი მაქსიმალურად იხსნება შემომავალი ინფორმაციის მისაღებად. რელაქსაციის ეს ტიპი არ ემთხვევა ჩაძინების პროცესს. ეს არის მოდუნებული ყურადღების მდგომარეობა.
ამ წარმოდგენებს საფუძვლად უდევს გამოკვლევები, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ბულგარელმა ფსიქიატრმა და პედაგოგმა გეორგი ლოზანოვმა ჩაატარა. მან მიზნად დაისახა გამოეკვლია, თუ რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს სუპერ-მეხსიერება.
მრავალი წლის გამოკვლევის შედეგად იგი მივიდა დასკვნამდე, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ”სწავლებისთვის ოპტიმალური მდგომარეობა”, რომელიც იქმნება, როცა სინქრონულია გულისცემა, სუნთქვისა და ტვინის ტალღების სიხშირე, როცა სხეული მოდუნებულია, ხოლო გონება მობილიზებულია და მომართულია ახალი ინფორმაციის მისაღებად.
ამ მდგომარეობის მისაღწევად გამოიყენება XVII-XVIII საუკუნის მუსიკა: გერმანელი კომპოზიტორების-ბახისა და ჰენდელის, იტალიელი-კორელის, ვენეციელი-ვივალდის, ფრანგი-კუპერენის ნაწარმოებები.
ლოზანოვმა დაადგინა, რომ ”ბაროკოს” სტილის მუსიკას სხეული და გონება ჰარმონიის მდგომარეობაში მოჰყავს. იგი ემოციურ ბიძგს აძლევს სუპერ-მეხსიერებას.
ვივალდის ”წელიწადის დრონი”-ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებია, რომელიც ამ ”გზაზე” სამოგზაუროდ გამოიყენება. ვივალდის მუსიკის მოსმენისას ადვილია მოიშორო არასასურველი აზრები და ვიზუალურად წარმოიდგინო წელიწადის დრონი. ჰენდელის ”მუსიკა წყალზეც” ასევე ამშვიდებს და ადუნებს. ახალი მეთოდიკით აღჭურვილი მასწავლებლების საყვარელი ნაწარმოებია იოჰან პაშელბელის ”კანონი”, რომელიც საუკეთესოდ ხსნის დაძაბულობას.