გთავაზობთ მარია მონტესორის მეთოდიკის მიხედვით შემუშავებულ თამაშს კლიტეებით, რომელთა გაღება-დაკეტვით ბავშვები სიამოვნების გარდა ბევრ სასარგებლო უნარ-ჩვევასაც შეიძენენ.
მასალა
კედლის ჩამოსაკიდი ყუთი გამოსაღები კარებებით. მასზე დამაგრებული სხვადასხვა კლიტეები, კარის ჯაჭვი, 2-3 გასაწევ-გამოსაწევი კლიტე, ზამბარიანი კარის სახელური და გასაღებიანი საკეტი. ყუთის შიგნით, უკანა ვერტიკალურ კედელზე შეიძლება სარკის ჩამოკიდება.
მიზანი
პირდაპირი- სხვადასხვა სახის კლიტეების გაღება-ჩაკეტვა.
ირიბი-დამოუკიდებლობის, ყურადღების კონცენტრაციის, მოძრაობათა კოორდინაციის და მოქმედებათა თანმიმდევრობის განვითარება.
პრეზენტაცია
ბავშვი აღმზრდელთან ერთად მიუახლოვდება ყუთს. მას მერე, რაც ბავშვი ყურადღებით შეათვალიერებს კლიტეებს, აღმზრდელი დაიწყებს მათ გაღებას ზემოდან ქვემოთ, ნელ-ნელა და თანმიმდევრობით, აჩვენებს მათი გაღების ხერხს. უკანასკნელი უნდა აღმოჩნდეს კარის სახელური, რომლითაც იღება ყუთის კარი. იგივე თანმიმდევრობით ჩაიკეტება ყველა საკეტი. შემდეგ ბავშვი ეცდება ამ ყველაფრის დამოუკიდებლად ჩატარებას: თუ ყველა კლიტე სწორადაა გაღებული, ყუთის კარი გაიღება და ბავშვს მოელის სასიამოვნო სიურპრიზი-სარკეში იგი დაინახავს თავის ბედნიერ გამომეტყველებას. შემდეგ ყველა კლიტე ისევ დაიკეტება.
სავარჯიშო
შეიძლება შეარჩიოთ ბოქლომების ნაირსახეობა თავისი გასაღებებით.
ახალი სიტყვები: კლიტე, საკეტი, ჯაჭვი, ბოქლომი, სახელური.