ვავითარებთ სმენას
სამყარო სავსეა ბგერებით. გააცანით ბავშვს კონტრასტული ბგერები: ხმამაღალი, ჩუმი, მოკლე, გაბმული, მაღალი, დაბალი. ძალიან ადვილია გაარჩევინოთ ბავშვს ბგერებს შორის სხვაობა. დააჟღარუნეთ პატარა ეჟვანი, შემდეგ ცოტა მოზრდილი; დააწკრუნეთ ბროლის ჭიქაზე, შემდეგ ქვაბზე; დაუსტვინეთ და შემდეგ დაიბოხეთ ხმა. აუხსენით ბავშვს, რომელს ეწოდება მაღალი ბგერა, რომელს-დაბალი. სიტყვა ”მაღალი” წარმოთქვით ხმამაღლა, ხოლო”დაბალი”-ხმადაბლა.
ვმღერით და ვლაპარაკობთ.
რაც შეიძლება მეტი უმღერეთ ბავშვს, თუნდაც არ გქონდეთ სმენა და ხმა. ლაპარაკისას ცვალეთ ინტონაცია. დაანახეთ პატარას სხვადასხვა რბილი სათამაშო და გაახმოვანეთ ისინი: იკნავლეთ, იყეფეთ, იხვიხვინეთ, იღმუვლეთ.. ერთი სიტყვით, მიუდექით პროცესს შემოქმედებითად.
დისკები და აუდიოკასეტები
ჩაურთეთ ხოლმე პატარას აუდიოკასეტები და დისკები სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებებით. შეურიეთ ყველანაირი მუსიკა: ნელი, წყნარი, ხმამაღალი, მხიარული. თუ თქვენ გინდათ გაუღვივოთ ბავშვს ენობრივი ინტუიცია, მოასმენინეთ იმ ენაზე, რომელიც გინდათ შეასწავლოთ.
ვავითარებთ შეგრძნებებს- ჯადოსნური ნაკუწები
შეეხეთ ბავშვის ხელებს, ფეხებს სხვადასხვა ფაქტურის ნაჭრებით (ხავერდით, ატლასით, აბრეშუმით, ბამბით). ამოჭერით ამ ქსოვილებისგან კვადრატები და დააჭერინეთ ბავშვს ხელში. დაუსახელეთ სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც ეხებით.
ერთი წლის ზემოთ პატარებს შეგიძლიათ დაუყაროთ ნაკუწების მთელი გროვა. მათ ძალიან მოსწონთ მათი გადაწყობა-გადმოწყობა.
ნაკუწებიანი ფარდაგი. სესილ ლუპანი გვთავაზობს ნაკუწებისგან შევკეროთ ფარდაგი და დავსვათ მასზე პატარა, რათა უკეთ ”გაავარჯიშოს” თავისი შეგრძნებები. შეგიძლიათ შეიძინოთ მზა წარმოების ფარდაგი ან პლედი, რომელიც იქნება შეკერილი სხვადასხვა ფაქტურის ნაჭრებისაგან და ექნება განმავითარებელი დეტალები: შესაკრავები, ჭრაჭუნა ელემენტები, სარკე, ადგილობრივი განათება და მუსიკალური თანხლებაც კი.
რბილი კუბები და შიგთავსიანი სათამაშოები
ასეთი სათამაშოების შეხება არა მარტო სასარგებლოა, არამედ სასიამოვნოც. სათამაშოები შეკერილია რბილი მასალისაგან და შეხებისას ან ქნევისას ისინი ჟღარუნებენ ან ჭრაჭუნებენ.
ფერადი ხელთათმანები და ხელისა და ფეხის სამაჯურები
ლუპანი გვირჩევს შევუკეროთ პატარას ფერადი ხელთათმანები, რათა ხელი შევუწყოთ შეხების და ხელის კოორდინირებული მოძრაობის განვითარებას. ამისათვის გამოგადგებათ პატარა წინდები. წააჭერით წინდას ერთი კიდე, მასში გააყოფინეთ პატარას მტევანი, ხოლო მეორე გადაჭრილ კიდეში გააყოფინეთ ცერა თითი. დაანახეთ ბავშვს თავისი ხელები სარკეში, რომელიც დამაგრებულია საწოლის კედელზე. ფეხებზეც წამოაცვით ჭრელი წინდები, რათა მათ მოძრაობასაც ადევნოს თვალი.
გაყიდვაში არის ფერადი სამაჯურები, რომლებიც ბავშვს ეცმევა ხელზე ან ფეხზე. ისინი გამოსცემენ ხმოვან ბგერებს, რომლებიც მოსწონთ პატარებს და ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებენ თავისი კიდურების მოძრაობას.
ასეთი სათამაშოს შეკერვა თქვენც შეგიშლიათ. ამისათვის აიღეთ თმის ხავერდოვანი რეზინი. მიაკერეთ მას პატარა ეჟვანი ან ჭრელი ხელოვნური ყვავილი.
მიწვდი და სტაცე
გაუღვივეთ პატარას ინტერესი მიწვდეს სათამაშოს და სტაცოს მას ხელი, თქვენ კი ფრთხილად მოზიდეთ სათამაშო თქვენსკენ. ასეთი თამაში ავითარებს ხელის წავლების რეფლექსს. შემდეგ ასწავლეთ ბავშვს საგნის აღება და დაბრუნება.
ვავითარებთ ყნოსვას. საზარეულოსაკენ ნაბიჯიიით იარ!
წაიყვანეთ პატარა სამზარეულოში, როცა იქ მზადდება საჭმელი. დაუსახელეთ მას იმ სურნელის სახელი, რომელსაც იგი ჩაისუნთქავს. ბავშვებს მოსწონთ რძის, ხილის, მოხარშული ბოსტნეულის სუნი. ძმრის ან საფუარის სუნზე კი ისინი დაიმანჭებიან.
დადგით ბავშვის წინ თეფში, რომელზეც დააწყობთ სტაფილოს, პურის, კიტრის, ლიმონის ნაჭრებს. სანამ მათ გემოს გაუსინჯავდეს, აყნოსინეთ და დაუსახელეთ, რასაც იგი შემდგომ მიირთმევს.
მცენარეთა და სანელებლების სურნელები. ლუპანი გვთავაზობს შევკეროთ პატარა ტომსიკები და ჩავყაროთ მათში გამხმარი ბალახეულობა, მცენარეთა ფოთლები ან სანელებლები დამახასიათებელი სუნით. ტომსიკებში შეიძლება მოვათავსოთ ვანილი, ყავა, ზღვის წყალმცენარეები, კატაბალახა, ლავანდის, ცაცხვის, რეჰანის და სხვა მცენარეთა გამხმარი ფოთლები. აყნოსინეთ პატარას ტომსიკები და დაუსახელეთ, რასაც ყნოსავს. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ბავშვს შეიძლება უფრო მოეწონოს წყალმცენარეთა სუნი, ვიდრე ვანილის. ნუ მოერიდებით იმ სურნელების შერჩევას, რომლებიც თქვენ უსიამოვნო გგონიათ.
იყავით ფრთხილად!
”გაკვეთილის” ჩატარებისას ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვის მდგომარეობას. მკვეთრი სუნისგან შეიძლება ბავშვს თავი ასტკივდეს, ამასთან ბევრი ბალახი იწვევს ალერგიას.