რაში სჭირდება ბავშვს ფარდაგი, ის ხომ არც ლეკვია და არც კნუტი? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვილის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ოთხ ფეხზე ცოცვა. პატარა იფართოებდა თავისი ყოველდღიური ცხოვრების ტერიტორიას, ხვეწდა მოძრაობებს, სწავლობდა საკუთარი სხეულის ფლობას, ავარჯიშებდა კუნთებს. ახლა მას უკვე შეუძლია იჯდეს მაგიდასთან, სკამზე, მაგრამ მისი შარვლის გახეხილი მუხლისთავები მეტყველებენ იმაზე, რომ მას ისევ ძალიან მოსწონს იატაკზე ან ფარდაგზე ცოცვა, როცა თამაშობს კუბებით, ან უხილავ ტრასებზე ”დააქროლებს” თავის მანქანებს, ან როცა აძინებს თოჯინას. ბავშვს მოსწონს ფარდაგზე ცხოვრება, ამიტომ უკეთესია, თუ მას აქვს საკუთარი, რომელსაც ღამე დაკეცავს და მოათავსებს კუთხეში და დღისით, თამაშის დროს კი, გაშლის. უკეთესია თუ იქნება ერთი ფერის, რომელზეც თავისთავად გამოიკვეთება ნივთები, რომლებითაც ბავშვი თამაშობს ან ვარჯიშობს და ფარდაგის ნახატი არ შეუშლის ხელს ყურადღების კონცენტრაციაში. გამოდის, რომ ფარდაგი იგივე სამუშაო მაგიდაა, მხოლოდ გაშლილი იატაკზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვის ტერიტორიის ავტონომიაა, სხვების ”შემოტევისგან” დაცული ადგილი. ამავე დროს ფარდაგი წარმოადგენს დიდაქტიკურ მასალას, რომლის გაშლა-დახვევით ბავშვი ავითარებს კუნთებს, ახდენს მოძრაობათა კოორდინირებას, ეჩვევა აკურატულობას და სწავლობს იმას, რომ არ შეუშალოს ხელი სხვას.
ამგვარად, როგორ შლიან და ახვევენ ფარდაგს?
მასალა
ერთფეროვანი ფარდაგი ზომით 120x70, მოკლებეწვიანი ან გლუვზედაპირიანი. სახლში ან საბავშვო ბაღში ფარდაგი უნდა იყოს დახვეულ მდგომარეობაში და კუთხეში მიყუჟული. ცუდად დახვეული ფარდაგი ვერ დადგება კუთხეში. ფარდაგის დგომა თავისებური კონტროლია შეცდომებისა.
ფარდაგის ზომებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მისი სიგრძეც უნდა დარეგულირდეს, რადგან პატარა ზომის ფარდაგზე შეიძლება ვერ დაეტიოს თვალსაჩინო მასალები, ხოლო დიდი ზომის ფარდაგს კი ბავშვი ვერ მოერიოს დასაკეცად. ჩვენთვის კი, მნიშვნელოვანია პატარამ ისწავლოს დამოუკიდებლობა.
მიზანი
პირდაპირი
ბავშვი დამოუკიდებლად სწავლობს იატაკზე ფარდაგის დახვევასა და გაშლას, ასე ვთქვათ, ამზადებს თავის სამუშაო ადგილს.
ირიბი
დამოუკიდებლობის განვითარება, მოძრაობათა კოორდინაცია, ყურადღების კონცენტრაცია, მარტივი მოტორიკის, ხელებისა და ფეხების კუნთოვანი სისტემის
სრულყოფა, საკუთარი სხეულის ფლობა, აკურატულობა, ჯგუფში სოციალური ქცევის გამომუშავება.
პრეზენტაცია
აღმზრდელი ბავშვთან ერთად უახლოვდება მაგიდას, სადაც დევს ბეწვიანი ფარდაგი, რომელსაც ზედაპირი მოქცეული აქვს შიგნით. იგი ამბობს: ”ეხლა მე გიჩვენებ, როგორ ატარებენ, ახვევენ და შლიან ფარდაგს”.
აღმზრდელი იღებს სადგომიდან ფარდაგს და ვერტიკალურ მდგომარეობაში მიაქვს დანიშნულების ადგილისაკენ. იგი იატაკზე ათავსებს ფარდაგს ისე, რომ შეიძლებოდეს ”თავისგან” გაშალოს, იგი ჩაიცუცქებს ფარდაგის ნაპირთან. ორივე ხელით ნელ-ნელა გაშლის ფარდაგს და თან მუხლებზე მდგარი ნელ-ნელა მიიწევს წინ. როდესაც ფარდაგი იატაკზე გაშლილი იქნება, აღმზრდელი მოკიდებს ბავშვს ხელს და ისინი ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილები, შემოუვლიან ფარდაგს გარშემო.
ახლა ფარდაგი უნდა დაიკეცოს და მოთავსდეს თავის ადგილზე, სადგომში. აღმზრდელი უჩვენებს პატარას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს.
იგი ისევ დგება მუხლებზე ფარდაგის ნაპირთან და ორივე ხელით, საკმაოდ მჭიდროდ იწყებს ფარდაგის დაკეცვას. ამასთან შეიძლება ნელ-ნელა წაიწიოს წინ, ან პირიქით, მოსწიოს ფარდაგი თავისკენ, თან დააკვირდეს აქეთ-იქით ნაპირებს-ხომ არაა რომელიმე გამოშვერილი, რათა რულონი საგულდაგულოდ დაკეცილი გამოვიდეს. შემდეგ ფარდაგს აიღებს, ვერტიკალურად დაიჭერს და მიაქვს კუთხეში სადგომისაკენ. თუ ფარდაგი კარგადაა დაკეცილი, იგი მოთავსდება სადგომ ყუთში. პრეზენტაციის შემდეგ აღმზრდელი სთავაზობს ბავშვს თვითონ შეასრულოს ეს მოქმედებები დამოუკიდებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ ფარდაგის გაშლა-დახვევა, ისევე, როგორც მისი გასუფთავება და გაბერტყვა, ბავშვებისათვის სახალისოა, განსაკუთრებით, თუ სთხოვთ მტვერსასრუტით გაწმენდას ან თოვლში მის გაბერტყვას. ეს სამუშაო გაცილებით მოსწონთ ბავშვებს, ვიდრე უფროსებს. მაშ, რატომ არ შეიძლება მისი შესრულება
სახლის ან საბავშვო ბაღის პირობებში?
მონტესორის ჯგუფში ბავშვები სისტემატურად აწარმოებენ ამგვარ სავარჯიშოებს, რადგან უმეტესობა დავალებებისა იატაკზე უფრო უკეთესად სრულდება.
ახალი სიტყვები
ხალიჩა, ფარდაგი, გაშლა, დახვევა, წაღმა, უკუღმა, ბეწვი, სადგომი.