anna სა. ივნ. 28, 2011 10:00 am
რა თქმა უნდა ძალდატანებით სწავლას და კითხვას ბავშვს ვერ შევაყვარებთ, ამან უკუ ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ უნდა მოიკრიბოთ მოთმინება და მიზანმიმართულად შეუდგეთ ამ არც თუ ისე იოლ საქმეს, რადგან 11 წლის ბავშვს უკვე განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ის მალე მოზარდობის ასაკში შევა და კარგია, თუ მანამდე მოახდენთ ამ პრობლემის გადალახვას.
ბავშვზე საერთოდ დადებითად მოქმედებს პირადი მაგალითი:დააკვირდით თქვენი ოჯახის წევრებს, რამდენად ხშირად გხედავთ ბავშვი წიგნით ხელში, რამდენად გიყვართ ოჯახში კითხვა?! გაეცანით ბავშვის ინტერესების სფეროს, ჰკითხეთ შვილს რომელი ზღაპრის ან მულტფილმის გმირი უყვარს და შეიძინეთ წიგნი ან ჟურნალი, რომელიც მას ამ გმირზე მოუთხრობს. ძილის წინ წაუკითხეთ მას რაიმე საინტერესო ამბავი (ზღაპარი ან თავშესაქცევი თავგადასავალი). კითხვის პროცესი სახალისო თამაშად გადააქციეთ, მაგალითად, მიეცით მას კონკურსის სახე: ვინ უფრო მეტ სიტყვას დაიმახსოვრებს წაკითხული 10 სიტყვიდან, ან დაიწყეთ რაიმე ზღაპრის კითხვა, შემდეგ შეჩერდით და რომელიმე თქვენგანმა გააგრძელოს ზღაპარი თავისი ფანტაზიით.