შესვლა მშობლებისათვის

close
 
ზღაპარი პეპელაზე

8.jpg

აღმოსავლური ზღაპარი

ერთ შორეულ შავ-თეთრ ქვეყანაში ცხოვრობდა შავ-თეთრი პეპელა. გარშემო ყველაფერი ან შავი იყო ან თეთრი, ე.ი. ან კარგი და ან ცუდი. ძველი ლეგენდებიდან პეპელამ იცოდა, რომ ადრე ეს ყველაფერი ფერადი იყო, მაგრამ რას ნიშნავდა ”ფერადი” აღარ ახსოვდათ ამ ქვეყნის თვით ყველაზე უძველეს მაცხოვრებლებსაც კი. ამ ქვეყანას გარს ერტყა სქელი, ბურუსით მოცული კედელი, რომელიც მას ჰყოფდა მიღმა სამყაროსაგან. ეს სამყარო შეუცნობელი და ამიტომ შიშისმომგვრელი იყო. შავ-თეთრი ქვეყნის ბინადარნი თვლიდნენ, რომ თუ ვინმე გადალახავდა საზღვარს, უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა. 
როდესაც პეპელა ამ ქვეყნას მოევლინა, ის იყო-ძალიან თეთრი, არცერთი შავი ლაქა არ ჰქონდა და ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ფრთებზე გაუჩნდა შავი ლაქები. პეპელამ იცოდა, რომ ისინი უჩნდებოდა მაშინ, როცა რაიმეს ცუდად აკეთებდა. მის სამყაროში მთლად თეთრი პეპლებიც იყვნენ, თუმცა მათი რაოდენობა მცირე იყო, განსაკუთრებით ზრდასრულთა შორის. იყვნენ მთლად შავებიც: მათგან პეპელას თავი შორს ეჭირა-ისინი ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდები იყვნენ. ძირითადად იმ სამყაროში შავ-თეთრი პეპელები ბინადრობდნენ. ჩვენს გმირს, როგორც ყველა თავმოყვარე პეპელას, უნდოდა თეთრი გამხდარიყო. ის ძალიან განიცდიდა, როცა საკუთარ ფრთებზე ახალ შავ ლაქას აღმოაჩენდა ხოლმე, გაურბოდა შავ პეპლებს და ცდილობდა ემეგობრა მათთან, ვისაც ფრთებზე უფრო მეტი სითეთრე ჰქონდათ.
          ჩვენი პეპელა რომ წამოიზარდა და კიდევ ერთი შავი ზოლი შეამჩნია ფრთაზე, გადაწყვიტა ახალი გზა მოენახა გასათეთრებლად. თავის სამყაროში უკვე ყველა ხერხი ჰქონდა ნაცადი, ამიტომ გაემართა ქვეყნის ბოლოს. რა თქმა უნდა, მას ძალიან ეშინოდა შეუცნობელის, მაგრამ ცდუნება იყო დიდი და ახლის მაუწყებელი. რაც მთავარია, პეპელას ეჩვენებოდა, რომ სწორედ იქ იმალებოდა პასუხი კითხვაზე-”როგორ უნდა იყო ყოველთვის მხოლოდ კარგი?”
         დიდი სიფრთხილით მიფრინდა იგი საზღვართან და გაბედულად გადაუფრინა მას....
თავზარდაცემული გაშეშდა იგი სამყაროს მეორე მხარეს. რა შესანიშნავი სანახაობა გადაიშალა მის თვალწინ! პირველი, რაც მან დაინახა, იყო უზარმაზარი კაშკაშა მზე- თბილი, ალერსიანი და კეთილი!
        ”ვის ეკუთვნის ეს სითბო და სინათლე?”-გაიფიქრა პეპელამ. და პასუხიც თავისით მოვიდა: ”ყველას!”
მერე პეპელამ დაინახა უსაზღვრო ცისფერი ზეცა და ასეთივე ოკეანე. ”ვის ეკუთვნის ეს სიდიადე?” და ისევ ჩაესმა ხმა:”ყველას!”
        მწვანე ხავერდოვანმა ბალახმა და სურნელოვანმა წითელმა ვარდებმა გააოგნეს პეპელა.
”ასეთი სილამაზე შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ძალიან კარგებს”- ჩვეულებრივ გაიფიქრა ნორჩმა არსებამ. ”ის ყველასთვისაა!”-მოესმა სიტყვები.
        ”როგორ? რისთვის? ეს ხომ უნდა დაიმსახურო!”- არ ნებდებოდა პეპელა.
        ”სინათლე ყოველ ცოცხალ არსებაშია და საუკეთესოს ღირსია ყოველი”-უკვე თავისით მიხვდა პატარა.დაინგრა ბარიერი, რომელიც ჰყოფდა მის წარმოდგენებს კარგსა და ცუდზე, შავსა და თეთრზე.
         ”ყველაშია სინათლე!”-იმეორებდა იგი როგორც ლოცვას-”მხოლოდ უნდა შეძლო დანახვა!”
          და როგორც კი ამ აზრმა მის გულამდე მიაღწია, მის ფრთებზე გაჩნდა პატარა ყვითელი რგოლები, ისეთივე როგორც მზე. თავად ფრთები კი შეეღება ისეთ ცისფრად, როგორიც ცა და ოკეანე იყო, ნაპირებზე კი ვარდისფერი ნახატები გაუჩნდა.
პეპელას ისეთი სიყვარული ჩაეღვარა გულში ამ სილამაზის მიმართ, რომ იგი აელვარდა და აკაშკაშდა, როგორც ცისარტყელა, რომელიც მანამდე არც ენახა.
”მე უნდა მივიტანო ეს სილამაზე ჩემს სამყაროში”-გადაწყვიტა მან.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი, კარგი და ცუდი, სინათლე ყველაფერშია, და ჩვენი სამყაროც გახდება ფერადი!” მან დაავლო ცისარტყელას ელვარებას ხელი და გაფრინდა თავის ქვეყანაში. რა ელოდებოდა იქ, მან არ იცოდა, მაგრამ ერთში დარწმუნებული იყო-”ნებისმიერ სამყაროში ყოველი ცოცხალი არსება ღირსია სიყვარულის, სინათლის, სილამაზის, სიხარულისა და ბედნიერების!”