შესვლა მშობლებისათვის

close
 
მარგალიტის სამაჯური

margalitis_samajuri1.jpgიყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ერთ სამეფოში ერთი პატარა პრინცესა ცხოვრობდა. გოგონა ფუფუნებაში იზრდებოდა და ყველაფერი ჰქონდა:ფარჩისა და აბრეშუმის კაბები, ხავერდის და ჭილის ქუდები, ფერად-ფერადი ფეხსაცმელები. იმდენი სათამაშო ჰქონდა, რომ მათთვის სასახლეში ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი. ერთი სიტყვით, პრინცესას მართლაც არაფერი აკლდა. 
         მეგობრები კი არ ჰყავდა. ოღონდ არ იფიქროთ, რომ მისი თანატოლი ბავშვები არ ცხოვრობდნენ მეზობლად. საქმე იმაშია, რომ მასთან მეგობრობა არავის უნდოდა. 
        ვინც კი მოვიდოდა ხოლმე მასთან სტუმრად, ცოტა ხანში, საბავშვო ოთახიდან ან თვითონ გამოდიოდა ნამტირალევი ან სტუმარი: პრინცესა არცერთ მათგანს არ აკარებდა თავის სათამაშოებს. ათი კანფეტი რომ ჰქონოდა, ათივეს თვითონ შეჭამდა და არავის გაუნაწილებდა. ამიტომაც მარტოობაში ატარებდა დღეებს: აბა, ასეთ ბავშვთან ვის მოუნდებოდა მეგობრობა?!
        პრინცესას ჰქონდა ერთი მარგალიტის სამაჯური, რომელსაც არასოდეს იშორებდა, რადგან საყვარელი ბებიის ნაჩუქარი იყო. ერთხელ ბებია ავად გაუხდა და ლოგინად ჩავარდა. ვინ აღარ მიიწვიეს სასახლის კარზე: სამეფოს სახელგანთქმული ექიმები  ევლებოდნენ თავს, მაგრამ ვერავინ შველოდა ავადმყოფს. პრინცესა ძალიან განიცდიდა ბებოს ავადმყოფობას, მაგრამ არ იცოდა რით დახმარებოდა.  
        ერთელ ღამით ერთი კეთილი ჯადოქარი დაესიზმრა. მან უთხრა: “შენს ბებიას ათი მარგალიტის ძალა იხსნის და ამისათვის შორეული გზის გავლა მოგიწევსო.” გოგონამ ჰკითხა: “როგორ მივხვდები რა გზას უნდა დავადგეო?” ჯადოქარმა უთხრა: ”დილით სასახლის ბაღში გადი და ჩიტი გიჩვენებს გზასო.” დილით პრინცესას ადრე გაეღვიძა, ადგა, ჩაიცვა, ჩანთაში საგზალი ჩაიწყო და ბაღში გავიდა. ვარდის ბუჩქზე ბულბული შემომჯდარიყო და საამოდ გალობდა. გოგონა რომ დაინახა, გადმოფრინდა და იქვე ერთ ბილიკზე დაფრინდა. პრინცესა მიხვდა, რომ ჩიტი გზას უჩვენებდა და იმ ბილიკს დაადგა. 
        ბევრი იარა თუ ცოტა, დაიღალა და ხის კუნძთან შეისვენა. უცებ შეამჩნია, რომ მის ჩანთაში კურდღელი ჩამძვრალიყო და გოგონას საგზალს მიირთმევდა.  ხელი აუქნია და კურდღელი გააგდო. ჩანთაში რომ ჩაიხედა, აღმოჩნდა, რომ ქურდბაცაცას პრინცესას სადილი პირწმინდად მოესუფთავებინა. გოგონას გული მოუვიდა, მაგრამ რაღას იზამდა, განაგრძო გზა.  
        უცებ წვიმა წამოვიდა და პრინცესა თავიდან ფეხებამდე დასველდა. 
ამ დროს ბულბული ერთი სახლის სახურავზე დაფრინდა. პრინცესა მივიდა და იმ სახლის კარზე დააკაკუნა. კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო და შინ შეიპატიჟა. 
       -შემოდი პატარავ, როგორ დასველებულხარ, ეხლავე მოგიტან ტანსაცმელს, რომ გამოიცვალო!- უთხრა მან და სკამზე დასვა.
        ქალმა გამოუტანა მშრალი ტანსაცმელი და გოგონამ გამოიცვალა. 
მიმოიხედა ირგვლივ: ყველაფერს სიღარიბის კვალი აჩნდა. ფუფუნებას შეჩვეული, გაოგნებული შესცქეროდა ქალის მიერ მოცემულ ტანსაცმელს. 
        მასპინძელი დაფაცურდა და სუფრის გაწყობა დაიწყო. კარადიდან სამი მოხარშული კარტოფილი, ერთი ყველის ნაჭერი, ცოტაოდენი პური და ერთი კიტრი გამოიღო. თან დარცხვენილმა წარმოთქვა:
       -შენს საკადრის სადილს ვერ მოგართმევ, მაგრამ იმედია არ გვიწყენ და დაგვეწვევი.
       -სიამოვნებით, თორემ გზად რომ შევისვენე, კურდღელი ჩამიძვრა ჩანთაში და საგზლისგან ნამცეცებიღა დამიტოვა.-თქვა პრინცესამ. 
       -არა უშავს, სიხარულით გიწილადებთ იმას, რაც ღმერთს გამოუგზავნია.-უპასუხა ქალმა და ყველაფერი სამ ნაწილად გაყო.
        გოგონამ გაოცება ვერ დამალა და ქალს ჰკითხა:
        -სამად რატომ ჰყოფთ ულუფას? ჩვენ ხომ ორნი ვართ. – 
        -ბიჭი მყავს, შვილო, ლოგინად ჩავრდნილი, მეზობელ ოთახში წევს.-აღმოხდა ქალს. 
        -რატომ? რა მოუვიდა?-ჰკითხა პრინცესამ. 
        -ეჰ, შვილო, რა გითხრა: ახალ ნაწვიმარზე ვაშლის ხეზე ავიდა, ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. მას შემდეგ ფეხზე ვერ დგება.-წარმოთქვა ქალმა.  
        -რა უშველის თქვენს შვილს?-დაინტერესდა გოგონა. 
        -ერთმა მკურნალმა თქვა: “მხოლოდ კეთილი გულით ნაჩუქარი მარგალიტი თუ უშველის თქვენს ბიჭსო”-უპასუხა გულმოკლულმა დედამ.  
        პრინცესამ თავის მარგალიტის სამაჯურს დახედა და ჩაფიქრდა.
        -სად წევს თქვენი შვილი?- მოულოდნელად ჰკითხა მან.
        ქალმა გოგონა შეიყვანა ოთახში, სადაც მძინარე ბიჭი იწვა. პრინცესამ შეიხსნა სამაჯური და ბიჭს ხელში ჩაუდო. უცებ მარგალიტმა ოთახი გაანათა და სხივმა ბიჭს თვალებში შეუჭყუტუნა. მან თვალები გაახილა და წარმოთქვა: 
        -ეს რამდენი ხანი მძინებია, დედი, ადგომა მინდა.- 
ქალი სიხარულით თვალებს არ უჯერებდა: მისი შვილი ფეხზე იდგა და იღიმებოდა. ბედნიერი დედა პრინცესას მიუბრუნდა და უთხრა: 
        -რა კეთილი გული გქონია, ჩემო კარგო, ასეთი ძვირფასი ნივთი რომ არ დაინანე! შვილი გადამირჩინე და შენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ.-
        -თქვენ მაჩვენეთ სიკეთის და სტუმართმოყვარეობის საუკეთესო მაგალითი, როდესაც დაუფიქრებლად მიწილადეთ ის მცირეოდენი, რაც გაგაჩნდათ. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემმა სამაჯურმა თქვენს შვილს სიცოცხლე დაუბრუნა.-თქვა მან.
        გოგონა დედა-შვილს გადაეხვია და დაემშვიდობა.  უცებ შეამჩნია ბულბული, რომელიც სასახლისკენ მიმავალ ბილიკს დასტრიალებდა. გოგონას გაუკვირდა და ჩაილაპარაკა:
        -მე ხომ ჯერ ბებიას გადასარჩენი წამალი არ მიპოვნია.- 
        ბულბული ადამიანის ენით ალაპარაკდა:
       -შენ უკვე გადაარჩინე შენი ბებია. აბა გაიხსენე, რა გითხრა ჯადოქარმა სიზმარში? რა უშველისო ბებიას? -უთხრა ბულბულმა. 
       -ათი მარგალიტის ძალა… -უპასუხა გაოგნებულმა გოგონამ.
       ახლაღა გაახსენდა, რომ მის სამაჯურში ზუსტად ათი მარგალიტი იყო.  მიხვდა ჯადოქრის სიტყვების მნიშვნელობას, რომ სიკეთე უკვალოდ არ იკარგება. მან ავადმყოფი ბიჭისთვის თავისი მარგალიტის სამაჯური არ დაინანა და ღმერთის ნებით,  ბებია სასაწაულებრივად განიკურნა. 
       მშვენიერი ამინდი იდგა: მზე უხვად აფრქვევდა თავის სითბოს. ბულბული გოგონას სახლის გზას უკვალავდა და ისიც ფეხდაფეხ მიყვებოდა. სასახლეს რომ მიუახლოვდნენ, პრინცესამ საყვარელი ბებია დაინახა, გაექანა მისკენ და სიხარულით გადაეხვია. ბებიამ გულში ჩაიკრა შვილიშვილი და უთხრა:
-მე ვამაყობ შენით, ჩემო პატარავ!

 

ანა ცინაძე